საზოგადოება
20/01/2022

წყნეთი-ბეთანიის გზაზე გადაადგილება 21 იანვარს დროებით შეიზღუდება

მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით  მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში,  ავტომობილებით გადაადგილება  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე, მიმდინარე წლის  21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება.

„წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით,   საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, -  განაცხადა კახა კალაძემ.