საზოგადოება
10/12/2021

წინასაახალწლო სამზადისი თბილისში - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აინთება.

„წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, გელით ყველას პარასკევის საღამოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საახალწლო პროგრამას, მერის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებები უფრო მასშტაბური იქნება. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში "საახალწლო სოფელი" 24 დეკემბერს გაიხსნება და 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამავდროულად ამ ლოკაციებზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, საინტერესო ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები: ზღაპრის გმირები, საბავშვო ვორქშოფები, მსვლელობები. პატარების და არამხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუა აამაღლებს. „საახალწლო სოფელში“ სტუმრებს დახვდება ღია კინოთეატრი, ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და მრავალი საახალწლო ინსტალაცია.

ყოველდღიურად, ორივე ლოკაციაზე, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. გაიმართება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი.

დიდი საშობაო კონცერტი 7 იანვარს მოეწყობა.

რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ, გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის, სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები და ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიციების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.

„აღსანიშნავია, რომ საახალწლო პროექტში რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება ჩართული და დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს. მინდა, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა. მესმის, რამდენად რთული და მძიმე პერიოდი გამოიარეთ. მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ იყოს საინტერესო პროგრამები, რათა არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ საქმიანობა თქვენი მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გათვალისწინებით განხორციელდება.