საზოგადოება
10/05/2021

ციფრული სახეცვლილება - ვინ და რას ყიდულობს ონლაინ

პანდემიამ ონლაინ სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზარდა, თუმცა ბაზარზე არსებული შეთავაზებებით, 18-34 წლის ასაკის მომხმარებლები აქტიურობენ, უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა კი საერთოდ არ სარგებლობს მსგავსი შეთავაზებებით.

საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევით ყოველმა მესამე თბილისელმა გააქტიურა ციფრული საბანკო სერვისები (ონლაინ გადარიცხვები, კომუნალური გადახდები, ბარათის შეკვეთა და სხვა), რესპოდენტების 22% მზა საკვებს უფრო ხშირად იძახებს, ვიდრე პანდემიამდე, მოქალაქეების 20%-სთვის გაიზარდა ონლაინ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენის სიხშირე.

ამასთან, მზა საკვების ონლაინ აპლიკაციებით ყველაზე ხშირად 18-34 წლის ახალგაზრდები სარგებლობენ, ჯამში ყოველი მეორე ახალგაზრდა უკვეთავს მზა საკვებს ინტერნეტით. ყველაზე ნაკლებად ამ ეტაპზე თბილისელები სურსათის შეძენის ონლაინ შესაძლებლობას იყენებენ. უფროსი თაობის წარმომადგენლების 83% საერთოდ არ სარგებლობს ონლაინ მაღაზიით, გამოკითხულთა უმეტესობა სურსათს ტრადიციულად მარკეტში ან უბნის მაღაზიაში იძენს.

18-34 წლის ახალგაზრდების მცირე ნაწილმა (13%) ასევე გააქტიურა ონლაინ აფთიაქების გამოყენება, თუმცა აღნიშნული სერვისის ციფრული ვერსია ვერ სარგებლობს უპირატესობით აფთიაქში სტუმრობასთან შედარებით.

გამოკითხვის თანახმად ეპიდსიტუაციის დასრულების შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებული თბილისელები კვლავაც გააგრძელებენ ციფრული საბანკო პროდუქტების (94%) და მზა საკვების (86%) ონლაინ შეძენას. სურსათის და სააფთიაქო პროდუქციის შეძენას კი, ისევ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავენ.

 

 

მთავარი ფოტო: unctad