
"ციფრული მედია და კომუნიკაცია" - IBSU საქართველოში ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ციფრული მედიისა და კომუნიკაციის" ახალმა სამაგისტრო პროგრამამ, სრული ოთხწლიანი აკრედიტაცია მიიღო. პროგრამა აშშ-ს საელჩოს „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და ამბის თხრობის“ სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით მომზადდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა, უნიკალურია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის პირველი მცდელობა სამაგისტრო საფეხურზე ციფრული მედიისა და ციფრული კომუნიკაციების სწავლების. მისი კომპეტენციები რელევანტურია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.
პროგრამის მიზანია მოამზადოს სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიის შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც გარდა თეორიული ცოდნისა, ფლობენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; სოციალურ მედიაში პიარ კამპანიების დაგეგვის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს და ა.შ.
სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ.
"ციფრული მედიისა და კომუნიკაციის" ახალი სამაგისტრო პროგრამა შეფასებულია უცხოელი ექსპერტების მიერაც. 6 გამოხმაურება მიიღო ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.
პროგრამა სექტემბერში უკვე მიიღებს პირველკურსელებს.