წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება
წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება. პარლამენტმა "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილების თანახმად, სავალდებულო წესით გზშ-ს დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი - 25 ჰექტრისა. ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი - 10 ჰექტრისა.
წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ცვლილება 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ასევე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი.
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
ცვლილებით, საქართველოს მასშტაბით შემდეგი სამართალდარღვევები დგინდება:
ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს;
მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის (ფენილი, ბადე, საფარი), რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს;
ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.
მოცემული სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-დან 2000 ლარამდე. აგრეთვე, სანქციის ნაწილში გათვალისწინებულია სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმის გაზრდილი ოდენობა.