თიბისის ჩართულობით და USAID-ის მხარდაჭერით, BTU-ში Android & iOS ლაბი გაიხსნა
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყო.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი, რომლის როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და მასში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანაა. გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც და სწორედ ამ მიზნით 2019 წელს დაარსდა თიბისის IT აკადემია, რომელსაც 400-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.
თიბისი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე დამსაქმებელი ტექნოლოგიების მიმართულებით, პროექტის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკულ ქეისებს, სტაჟირების შესაძლებლობას და მასტერკლასებს შესთავაზებს, რომელსაც თიბისიდან მოწვეული პროფესიონალები ჩაატარებენ.
პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდა.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას:
Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Android studio-ს გარემოში მუშაობა
2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
3. Android-ის აპლიკაციების შექმნა
4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება
iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა
Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა
აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
აპლიკაციის App Store-ზე განთავსება
BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ექსპერტები სტუდენტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი პრაქტიკული სამუშაოების მიმართულებით.
პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.