საზოგადოება
17/05/2021

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას უმასპინძლებს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტის, დარსო სულაკაურის გამოფენას - „სიზმარს ვხედავდი... პანდემიის დღიური“ უმასპინძლებს. გამოფენა 17 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„სიზმარს ვხედავდი“ ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება“, -დარო სულაკაური.

დღიურიდან:

„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური გახდა გარე სამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები, დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი. თითქოს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეული დასაფლავების საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები.

მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა, როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ მდელოზე ვიდექი, გარშემო მხოლოდ ტყე იყო, მაგრამ ტყეში ისე მჭიდროდ იყო ხეები ერთმანეთთან, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა გზის საპოვნელად და შინ დაბრუნება.“

წიგნი:

როცა ლოქდაუნი დაიწყო და ყველაფერი შეწყდა, მათ შორის ჩემი სამსახურიც, საკუთარ თავს მივეცი დავალება, რომ ყოველდღე გადამეღო ფოტოები და მეწერა, რითაც არაცნობიერად საკუთარ თავს შფოთვასთან გამკლავებაში ვეხმარებოდი. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე თითო ფოტოს ვიღებდი და საკუთარ ნააზრევს ვიწერდი. ჩემს ვებსაიტზე უწყვეტი ჰორიზონტალური გვერდი შევქმენი, სადაც ყოველდღე თითო ფოტოს და დასკანირებულ ხელნაწერ ტექსტს ვტვირთავდი.

დღიურის გაფიზიკურებით, მინდოდა, რომ ის წიგნზე მეტი ყოფილიყო. წიგნი აკორდეონის ნაკეცებადაა აკინძული 11 მეტრის სიგრძეზე, როგორც უწყვეტი პანდემიის გაუთავებელი დღეები. გვერდები ისევე დეფორმირდებოდა, როგორც დღეები კარანტინის დროს. წიგნის შუაგულში ჩემი შვილის ფოტოა, რომელიც კარის ღრიჭოდან იყურება. როგორც ბევრნი საკუთარი სახლიდან ახალ სამყაროს ვუყურებთ და ვცდილობთ, ბუნდოვან ვითარებაში გავრკვეულიყავით.

ჩემი შვილის გამოსახულების უკან ხის კუბიკებია. ლოკდაუნის დროს ის ყველა სათამაშოთი თამაშობდა, რომელიც სახლში ჰქონდა, ხის კუბიკების გარდა. კუბიკები წიგნში ჩავრთე, როგორც ნივთი, რომელიც უარყვეს — ისევე, როგორც მე უარვყოფდი ახალ სამყაროს.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს. უახლოეს მომავალში, თიბისი კონცეპტი ხელოვნების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ სახელოვნებო გამოფენას და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების და შეხვედრების სერიას გეგმავს, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.