TI: თანამდებობის პირების ნახევარი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს
2020 წელთან შედარებით დარღვევებით შევსებული დეკლარაციების რაოდენობამ 5%-ით იკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალი - 56% რჩება. თანამდებობის პირების მიერ დარღვევით შევსებულ დეკლარაციებზე კვლევის შედეგებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
როგორც არასამთავრობოში აცხადებენ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი 5 წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. თანამდებობის პირები მასობრივად არღვევენ დეკლარაციის შევსების წესებს, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო ძირითადად სანქციებით ან გაფრთხილებით შემოიფარგლება და ყურადღების მიღმა ტოვებს ქონების დამალვის შემთხვევათა უმეტესობას, ასევე ინტერესთან და თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს.
2021 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 296 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოში სულ მცირე ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას არაკეთელსინდისიერად ავსებს.
"გარდა ამისა, მეოთხე წელია პროკურატურაში წელიწადში მხოლოდ 1 დეკლარაცია იგზავნება გამოძიების დასაწყებად, მაშინ, როცა, ბოლო წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გამოვლენილია თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთან კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების თეულობით სავარაუდო შემთხვევა", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში.
არასამთავრობოს ინფორმაციით, 2021 წელს დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ყველაზე ხშირად სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ავსებდნენ (67%), ხოლო, სხვებთან შედარებით, ყველაზე კეთილსინდისიერად – პარლამენტის წევრები (42%). დეკლარაციას უმეტესად დარღვევით ავსებენ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები (66%) და საიდუმლო თანამდებობის პირები (64%).
არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2021 წელს დაჯარიმებულთა უმეტესობას (63%) სამი ან მეტი ტიპის დარღვევა უფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია.
"ეს თავის მხრივ აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის მნიშვნელობას",- აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
არასამთავრობო 3 თანამდებობის პირს ასახელებს, რომლებსაც 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:
- ანა დევსურაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი -8 დარღვევა;
- ავთანდილ ენუქიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი – 7 დარღვევა;
- ნინო კარიაული – მთაწმინდის რაიონის გამგეობა, იურიდიული განყოფილების უფროსი – 7 დარღვევა.
რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2021 წელს ყველაზე ხშირად დეკლარანტებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მონაცემები დამალეს ან არასწორად მიუთითეს: მათ შორის ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებულ მატერიალური სარგებელი.
"საყურადღებოა, რომ ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების ასახვასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა ბოლო 3 წელია იზრდება (63% - 2019 წელს და 76% - 2021 წელს). მეტიც, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს დარღვევების 7 კატეგორიიდან 6-ში გაუარესებული მაჩვენებელია", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
როგორც არასამთავრობოში ამბობენ, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ ემსახურება ინტერესთან შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციაა, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გასაუმჯობესებლად შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას:
საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს ამგვარი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია;
ბიურომ უნდა დაიწყოს სრული ინფორმაციის გასაჯაროება, თუ რომელი თანამდებობის პირების დეკლარაციები გადაეგზავნა პროკურატურას, ასევე, ვის მიმართ დადგინდა შეუთავსებლობის ფაქტები, კონკრეტულად რა ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი და რა რეაგირება მოჰყვა მათ ბიუროს მხრიდან;
მინიმუმამდე უნდა დავიდეს მონიტორინგისთვის დეკლარაციების შემრჩევი კომისიის ვერ შექმნის ალბათობა. ამისათვის, აუცილებელია, კომისიის წევრ პოტენციურ კანდიდატთა წრის გაზრდა, უფრო კონკრეტულად კი, მკვლევრებთან ერთად კონკურსში მონაწილეობის მიღება საგამოძიებო ჟურნალისტებსაც უნდა შეეძლოთ.
დამოუკიდებელი კომისიის ვერ დაკომპლექტების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მის მიერ შესარჩევი 5%-იანი კვოტის ათვისება, მაგალითად, სახელმწიფო-პოლიტიკური და განსაკუთრებული კორუფციული რისკის მქონე თანამდებობის პირების მონიტორინგისთვის;
გაფართოვდეს დეკლარანტთა წრე და მოიცვას ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;
გაიზარდოს დასადეკლარირებელი ინფორმაციის სიზუსტე და რაოდენობა, მაგალითად: ბენეფიციარული მესაკუთრეობა, არა-ანაზღაურებადი საქმიანობა და ონლაინ-აქტივები (კრიპტოვალუტა);
გასაჯაროვდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
დეკლარაციების მონიტორინგი დაიწყოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც;
დაინერგოს რისკებზე-დაფუძნებული ავტომატური შერჩევის (Red Flag analysis) მექანიზმი, რომელიც დეკლარანტებს მათი თანამდებობის ან/და ფუნქციების გათვალისწინებით რისკ-კატეგორიებად დააჯგუფებს და დარღვევის არსებობის მაღალი ალბათობის საფუძველზე გადაარჩევს;
საჯარო სამსახურის ბიურომ ასევე უნდა შეიმუშაოს რისკებზე დაფუძნებული ავტომატური შეტყობინების მექანიზმი – მაგალითად, სისტემამ გააწითლოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, იკავებს ხელმძღვანელის პოზიციას რომელიმე საწარმოში (თანამდებობრივი შეუთავსებლობა).
ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სამთავრობო ბაზებში თანამდებობის პირის შესახებ ინახება (მაგალითად, ბიზნესის და უძრავი ქონების რეესტრი), ავტომატურად უნდა აისახებოდეს დეკლარაციის ფორმაში, რათა, ერთი მხრივ, შემცირდეს დეკლარანტის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა, ხოლო მეორე მხრივ, დაიზოგოს ამ ინფორმაციის გადამოწმებაზე დახარჯული რესურსი და მეტი დრო დაეთმოს უფრო კომპლექსური (მაგ, კორუფციული) დარღვევების გამოვლენას.
დეკლარაციები გამოქვეყნდეს დამუშავებად (ღია მონაცემთა) ფორმატში;
დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიშში შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი გამოვლენილი დარღვევების შინაარსი თითოეული თანამდებობის პირის შემთხვევაში; ასევე, უნდა მოხდეს აღმოჩენილი დარღვევების ჩასწორება, რათა საჯაროდ ხელმისაწვდომ დეკლარაციებში სანდო ინფორმაცია იყოს ასახული.