საზოგადოება
25/02/2022

თეონა კონტრიძე: რუსეთში ხელოვანებს ომის გაპროტესტების შემთხვევაში ემუქრებიან

ჩემი მეგობრების 95% ომს აპროტესტებს, თუმცა აღარაფრის იმედი გვაქვს, ველოდებით მოვლენების ყველაზე აგრესიულ და ცუდ განვითარებას - განაცხადა თეონა კონტრიძემ "მთავარი" არხის ეთერში.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ამბობს, რომ მსახიობებს ურეკავენ თეატრებიდან და ომის გაპროტესტების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრებიან. დაკავებულია 1200 ადამიანი.

"2008 წელს, როდესაც იდენტური სიტუაცია იყო საქართველოში, ძალიან კარგად ვიცი, რატომ არავინ აიმაღლა ინტენსიურად ხმა. რაც შეეხება ხელოვანთა წრეს, ჩემი დაკვირვებით ორად გაყოფა არ იგრძნობა, პირიქით ერთსულოვნებაა. ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, იმ ხალხს შიშს ვერ ვატყობ, რადგან ნაკლებად აქვთ კავშირი კრემლთან, და ნაკლებად დამოკიდებული არიან მის თანხებზე და დოტაციებზე.

გუშინ დიდი ტალღა იყო ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან, მუსიკოსებისგან მსახიობებისგან, აგრესიულ მოწოდებაზე, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტის გადაგდება და ეს ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. ეს ხალხი გველაპარაკებოდა ბუნკერებიდან, რაც ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან ჩვენც გვყავს შვილები, ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და მათგან განსხვავებით ბუნკერი არ გვაქვს, რაც ძალიან საფიქრალია. ჩვენ ყველას ჩვენი გმირობა გვაქვს. 2014 წლიდან ყირიმში არ ჩავსულვარ, მიუხედავად იმისა რომ წელიწადში 15 წინადადებაზე ვამბობ უარს, რაც დიდი თანხაა," - აცხადებს, თეონა კონტრიძე.

მისივე განცხადებით, ემოციურად ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ უკან არ დაიხევენ, რაც გამოიწვეს კარიერულ თუ სხვა სახის შევიწროებას.

"ჩვენი მხარდაჭერა და ერთობა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელი კოლეგები ემოციურად არ დაეცნენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქ არის ხალხის ძალიან დიდი კატეგორია, რომელიც წინააღმდეგია ამ ომის. რუსეთის პრეზიდენტი ჩვენ არასდროს გვისმენდა და არამგონია ახლაც გვისმენდეს. მას ყავს საკმარისი რაოდენობის მომხრეები. თუმცა, ომის წინააღმდეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, ინტელექტუალების, ელიტის, ბოჰემის და სხვა. გუშინ გამოცხადებული იყო, რომ პროტესტის და დემონსტრაციების შემთხვევაში ჩვენ მიგვცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მაგრამ, არ მგონია ხალხმა უკან დაიხიოს. მე არ მახსოვს ასეთი ერთობა. საქმე იმაშია, რომ აქამდე ინფორმაციაც არ მოდიოდა ჩვენამდე. ახლა ყველაფერი "აფეთქდა" და შეუჩერებელი პროცესები მიმდინარეობს.

ველოდებით დიდ ეკონომიკურ სანქციებს, ვიზის, SWIFT-ის გაუქმებას და კიდევ ბევრ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ 27 წელია რუსეთში ვცხოვრობ, მოსკოვი თბილისის შემდეგ ყველაზე საყვარელი ქალაქია და უდიდესი სამეგობრო მყავს, არასოდეს არ დავმალავ ჩემს სამოქალაქო პოზიციას, ბოროტების წინააღმდეგ ყოველთვის წავალ, როგორი საფრთხეც არ უნდა შევუქმნათ ჩვენს თავს", - ამბობს ქართველი მომღერალი.

გუშინ უკრაინაზე თავდასხმა მოქალაქეებმა რუსეთის არაერთ ქალაქში გააპროტესტეს. საპროტესტო აქციებზე, როგორც BBC სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება 1700-მდე ადამიანია დაკავებული.