თელავის ტექნოპარკმა ინოვაციურ ბანაკს "მომავლის ინოვატორებს" უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ.თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის 12-13 წლის მოსწავლეებმა. (აკურის, ბუშეტის, გულგულის, ვანთის, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, რუისპირის, ქვემო ხოდაშენის, ყარაჯლის, წინანდლის საჯარო სკოლები).
7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics - ისა და LittleBits - ის ვორქშოფები, სემინარი - ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“ - ისა და ,,ATOM Kids“ – ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე (სულ 28 მოსწავლე), შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო.
ინოვაციური ბანაკის „მომავლის ინოვატორების“ მიზანია, ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა.