თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა
თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.
თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში "ისტორიული 7 ბორცვის" ტურისტული მარშრუტის განვითარება. საპროექტო არეალი მდებარეობს თელავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებით და უნიკალური ლანდშაფტით.
თელავი, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის აუზში და განფენილია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთასა და ბორცვებზე. ქალაქის სხვადასხვა უბნების მდებარეობით ზღვის დონიდან 500-800 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ბორცვებზე, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზეა განაწილებული, ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აგებული ციხე-გალავნებია განლაგებული. ქალაქის ამ შემაღლებული ადგილებიდან, ძირითადად XIX საუკუნეში განვითარებული საცხოვრებელი უბნებიდან, ალაზნის ველისა და კავკასიონის შორი ხედები იშლება. თელავის ისტორიული უბნები - ზუზუმბოს გორა, ძველი გალავანი, ღვთაების ბორცვი, ბატონის ციხე და ფიქრის გორა ნადიკვრის პარკის ტერიტორიით ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი.
ვიზიტორთა ინტენსიური ზრდის მიუხედავად, დღეს ქალაქის ამ ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით კი, ზუზუმბოს გორაზე მოეწყობა პარკინგი და ბილიკი, ზუზუმბოს და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი და ხიდამდე მისასვლელი გზა, ასევე ბილიკი მოეწყობა დაბახნევის ბორცვზე და გიგოს გორაზე, რეაბილიტირდება ერეკლე მეორის ქუჩა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ცენტრალური ქუჩა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფი.
პროექტის დასრულების შედეგად, თელავს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება ექნება, რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.