საზოგადოება
07/12/2021

"თელასი" მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

"თელასი" დეკემბრიდან მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის.

კომპანიის ცნობით, აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში.

"მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა.

650 000 აბონენტის მრიცხველიდან ჩვენების აღების პროცესში ჩართული იქნება "თელასის" 450 თანამშრომელი, რომლებიც სპეციალური პლანშეტების საშუალებით მიმდინარე თვის განმავლობაში აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის აღრიცხავენ. შესაბამისი მონაცემები კომპანია "თელმიკო"-ს გადაეცემა.

თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება - ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებული ჩვენება (არაუმეტეს 30 დღის) და დეკემბერის ბოლოს დაფიქსირებული ჩვენება. ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა.

ცვლილების შედეგად ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება", - განმარტავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება-განაწილების საქმიანობა გაიმიჯნა და სააქციო საზოგადოება "თელასი" გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გახდა.