საზოგადოება
22/12/2021

თებერვლიდან თბილისში ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება - ბარათები და პირობები

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა დაინერგება, შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათებიც.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები.

„შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, რაც ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა. უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება.  მათი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.

„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) - იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) - ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) - ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი", - განაცხადა კალაძემ.

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) - ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); ულიმიტო, სამთვიანი ბარათი  (100 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) - ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.