თეა წულუკიანი: გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ომი არ იყოს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა სწორ პოზიციებს აფიქსირებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.
"სამწუხაროდ მოვესწარით, როდესაც ჩვენს კონტინენტზე არის ომი, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც დღეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირი ტიპის სოლიდარობა აღმოვუჩინეთ და ეს პროცესი გაგრძელდება - იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან ტექსტებთან შეერთებით, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირებით, ასევე ჰუმანიტარული თუ სხვა ტიპის დახმარების აღმოჩენით. ეს პროცესი გაგრძელდება, მანამ, სანამ უკრაინაში და ევროპაში არ დამყარდება მშვიდობა.
ჩვენ ვცხოვვრობთ ოუპირებულ საქართველოში, დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ. დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული. დღეს ევროპაში ომია, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში გამომდინარეობს საქართველოს მოსახლეობის და მომავალი თაობების ინტერესიდან, რომელმაც უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და რაც მთავარია, არ იყოს ომი, რადგან ომზე უფრო დიდი საშნელება არ არსებობს",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.