თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს - არჩილ კაიკაციშვილი
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მოთხოვნით, სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხზე ადვოკატირების პროცესშია ჩართული.
კაიკაციშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სამეცნიერო მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მრჩეველს წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სწორედ მეცნიერებათა აკადემიაა უფლებამოსილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით დარგებში შექმნას კომისიები და განიხილოს საკითხები. ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში წერილით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მოისმინა ოფიციალური პოზიცია საკითხზე, ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში.
„ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულება, რომელიც სეისმური მონაცემების ღიაობის საკითხზე ყველა მოწინააღმდეგეს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს აცლის. ფაქტობრივად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია მთავრობის სახელით პოზიციის დაფიქსირება ან მთავრობისთვის ამა თუ იმ პოზიციის მართებულობის შეთავაზება.
შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართეთ აკადემიას საკითხის გასარკვევად, ხოლო წერილს, რომელიც 2021 წლის 22 ივლისს გამოგვეგზვანა, ხელს თავად აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე აწერს.
დოკუმენტის თანხმად, აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილებამ 5 აკადემიკოსისა და აკადემიის 2 წევრ-კორესპონდენტის შემადგენლობით, კიდევ ერთხელ იმსჯელა თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შესმწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს შორის არსებულ დავაზე. მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზკის ინსტიტუტის მოთხოვნა, მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში დაცული ე.წ. საწყის მონაცემთა ბაზებზე ხელმისწავდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია. წერილში აღნიშნულია, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მხარებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განმარტებით, საინტერესოა, რა ფასს იხდის თეა გოდოლაძე არა მხოლოდ გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან ასეთი დამოკიდებულებით, არამედ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ანუ მეცნიერების დარგში მთავრობის მრჩეველ ინსტიტუტთან, ღია დაპირისპირებით და რატომ არ რეაგირებს პრობლემის კვალიფიციურ მოგვარებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ან, რატომ არ ხდება თეა გოდოლაძის ქმედებების მიმართ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება.
კაიკაციშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც თეა გოდოლაძეს ამხელს. მით უფრო, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული საჯარო დაწესებულებაა და ღიაობის კუთხით, სრულიად კარჩაკეტილი აღმოჩნდა, ასეთი ფაქტი კი, როგორც რექტორ ზედანიასთან, ასევე თეა გოდოლაძის ინტერესებთან მიმართებით, არაერთ სხვა შეკითვას ბადებს.
ცნობისთვის: საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რადენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომლთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე - სამართლიანია.
წყარო: commersant.ge