თბილისის მერიამ 700 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში,თბილისის მოსახლეობას 1 000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება.
"700 ერთეული მიკროავტობუსიდან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება.
„იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დაახლოებით, 1 500-1 700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს და ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.