თბილისის მერია: ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა
თბილისის მერიაში ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება და შეიქმნა ურბანული განვითარების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გენერალური გეგმის მართვასა და ქალაქის ურბანული პოლიტიკის გატარებაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახური სპეციალიზდა კონკრეტულ სერვისებზე. თვითონ არქიტექტურის სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა, გაიზარდა არქიტექტურის მიმართულებით მომსახურების ხარისხი და შემცირდა მომსახურების ვადები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ურბანული და არქიტექტურის მიმართულების ერთ სამსახურად არსებობა მთელ რიგ პრობლემებს ქმნიდა.
„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული 2 ათასამდე წინადადება პასუხგაუცემელი და ვადაგადაცილებული იყო. დღეს შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ არსებობს არცერთი პასუხგაუცემელი წინადადება და არცერთი დროში გაწელილი პროექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.