საზოგადოება
10/03/2021

თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

თბილისის განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს. პოსტზე ალექსანდრე ტოგონიძეს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა ჩაანაცვლებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ალექსანდრე ტოგონიძე ბიზნესში მიდის. მერმა მას წარმატებები უსურვა, ლევან ჯღარკავაზე განაცხადა, რომ დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს.

"დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ალექსანდრე ტოგონიძე იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ დედაქალაქში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, ძველ უბნებში, იმისთვის, რომ ის ღირებული და ძვირფასი, რაც დედაქალაქში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გაგვაჩნია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატურას, თბილისის მერი საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში წარუდგენს.