საზოგადოება
30/08/2021

თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება

თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის 4,5 საათი იქნება საჭირო.

"51 კმ-იანი იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 7 ლოტად არის დაყოფილი, 4 ლოტი უკვე დასრულებულია და დარჩენილ 3 ლოტზე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ როგორც ამ რეგიონების დამაკავშირებელი, არამედ რაჭისთვის და ლეჩხუმისთვის იმ დიდი პოტენციალის გამოსაყენებლად რომელიც მათ გააჩნიათ,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 111.165 მლნ ლარით ფინანსდება.