თბილისელი პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად ₾500-იან ვაუჩერს იანვრიდან მიიღებენ
თბილისში სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტის იანვრიდან დაწყება იგეგმება, - მერმა კონკრეტული დავალება მოადგილეს ილია ელოშვილს უკვე დაავალა.
დავალებებს შორის არის დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პროგრამის ბოლომდე მიყვანა.
„არცერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში. 10 000-მდე ოჯახს დავეხმარეთ, გავაბედნერეთ და სიხარული დავუბრუნეთ სახეზე. ესენი იყვნენ „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ ადამიანებმა იციან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა იქნეს მოწესრიგებული და ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მათაც, რაც სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში იყო. ასევე, მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.