საზოგადოება
10/07/2021

თავდაცვის სამინისტრო: ინფრასტრუქტურის გამართვა-მშენებლობაზე წელს ₾80 მლნ დაიხარჯება

თავდაცვის ძალების ინფრსტარუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე წელს 80 მლნ ლარი დაიხარჯება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულდა ლაზარეთი, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულდა ერთი ყაზარმის რემონტი, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ამჟამად ბაზაზე მიმდინარეობს მეორე ყაზარმის სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენდება ახალი სასწავლო შენობა-ნაგებობა. წელს ბაზაზე მოეწყობა შიდა გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

სამინისტროს მონაცემებით, ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.