საზოგადოება
05/04/2021

TAV Georgia მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას სთხოვს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია საქართველოს მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას სთხოვს.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც თურქულ-ფრანგული კომპანია ოპერირებს, პანდემიის გამო ხელშეკრულებების ვადები დაახლოებით 2 წლით გახანგრძლივდა.

"TAV Airports Holding საკმაოდ დიდი კომპანიაა. ყველა ქვეყანამ, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, გარკვეული ვადით გაგვიგრძელა ოპერირების ხელშეკრულება. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ვადა 2 წელია. საქართველოს შემთხვევაში ამ ეტაპზე მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა პერიოდი, რა დროსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ფაქტობრივად დაკეტილი იყო, აღიარონ ფორსმაჟორად. ეს ნამდვილად იყო ფორსმაჟორული სიტუაცია. არც ერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია. შევინარჩუნეთ მთელი პერსონალი თბილისშიც და ბათუმშიც. აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს არც ერთ თანამშრომელს არ ეგრძნო ეს მძიმე პერიოდი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო ამ პერიოდს აღიარებს და რაღაც ვადით გაგვიგრძელდება პროექტი“,- აღნიშნა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ 2 შეხვედრა „ტავ ჯორჯიასა“ და აეროპორტების გაერთიანების იურისტებს შორის შედგა.

„ჩვენი იურისტების ჯგუფი შეხვდა აეროპორტების გაერთიანების იურისტთა ჯგუფს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ რაღაც ციფრები, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ სამომავლო გადაწყვეტილებებში. ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“,- განაცხადა ზაქარაძემ.