თამარ ტალიაშვილი: გვსურს, სკოლამდელი განათლების სექტორში ინოვაციები დავნერგოთ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. საუბარია საბავშვო ბაღებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე.
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2022 წელს დაიწყება. გარდამავალ პერიოდად კი, განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე. ავტორიზაცია შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს.
როგორც თამარ ტალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს არის ეტაპობრივად გაწერილი პროცესი, რომელიც 2030 წლისთვის უკეთესი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დანერგვას უზრუნველყოფს.
„ეს არის ეტაპობრივად გაწერილი პროცესი, რომელიც გულისხმობს სიღრმისეულ რეფორმას. 2022 წლიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად არის გაწერილი საფეხურები, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტები მოვამზადოთ, რათა მათ ინსტიტუციური გამოცდილება დაუგროვდეთ, გავაძლიეროთ ისინი, რადგან ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეგისტრაციის მიზნით ელექტრონული სისტემა კერძო ბაღებისთვისაც შეიქმნება.
„ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში, კერძო სექტორში არსებული და მოქმედი საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე სისტემა ვერ ხედავს ამ საბავშვო ბაღებს რაც ცუდია, როგორც საზოგადოებისათვის, ისე უშუალოდ კერძო ბაღებისთვის. საჯარო ბაღები სახელმწიფოსგან ვაუჩერს იღებენ, მაგრამ ვაუჩერის განხილვა კერძო ბაღებთან მიმართებაში ვერც კი დგება, რადგან, ისინი ამ სისტემაში მოქცეულები არ არიან და მათი ლიცენზირება არცერთ ეტაპზე განხორციელებულა“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
შემდეგი ეტაპია თვითშეფასების მომზადება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიერ. შემდეგ დგება ავტორიზაციის განრიგი.
„პროცესში მნიშვნელოვანი იქნება აღმზრდელ-პედაგოგების მომზადება. მოხდება აგრეთვე იმ სტანდარტების და რეგლამენტების ხელახალი გააზრება, რომელიც ამჟამად არის შემუშავებული, ზოგიერთი მათგანი პროექტის სახით არის, ზოგიც დამტკიცებულია. გვინდა მთელი რიგი ინოვაციების დანერგვა. გვაქვს რეკომენდაცია, რომ მაგალითად სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემა გამდიდრდეს ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მექანიზმებით და სერვისებით. რიგი საკითხებია, რომელსაც ეტაპობრივად დავამუშავებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ.
აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ის კომუნიკაცია, რომელიც შედგება და გამყარდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის, მუნიციპალიტეტებსა და უშუალოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის - ჩართულობა, მომზადება, ადამიანური რესურსის კომპეტენციების ზრდაზე ზრუნვა, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გაძლიერება და გაჯანსაღება“, - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
მისი თქმით, 2016 წლის შემდეგ, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ კანონი ამოქმედდა, ხდებოდა ბაღების ავტორიზაციის პროცესის მექანიკური გადავადება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სიღრმისეულად მივუდგეთ ამ საკითხებს. ყველა არსებული გამოწვევა, პრობლემა რეალისტურად გვაქვს შეფასებული“,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
ბაღების ავტორიზაციას განახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
„ჩვენი მიზანია, სკოლამდელი აღზრდა-განათლება უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი გახდეს. ჩვენ ფორმალურად, 2016 წლის კანონით სკოლამდელი აღზრდა-განათლება შემოვიყვანეთ განათლების სისტემაში, მანამდე ის ამოვარდნილი იყო. მოვლა-აღზრდა - ამ ფარგლებში იყო ფუნქცია განსაზღვრული საბავშვო ბაღებისთვის. ჩვენი მიდგომა არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი. ბავშვის განვითარება, ინტელექტუალური, ფსიქო-ემოციური, ასევე მისი ცოდნის და უნარების განვითარება, სწავლაში შემდგომი წარმატება, ზოგადი განათლების ეტაპზე სკოლაში, პროფესიულში თუ უმაღლესში, არსებითად დამოკიდებულია სწორედ იმაზე, როგორ ხდება ბავშვის განვითარება სკოლამდელ ეტაპზე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.