საზოგადოება
18/03/2021

თამარ რაზმაძე: გამოგონებების კომერციალიზაციით ბევრი კარგი პროექტი იხილავს მზის სინათლეს

არაფორმალური განათლების სივრცე „ლეტერატოს“ დამფუძნებელი თამარ რაზმაძე, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ქართველი მეცნიერების გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

მისი თქმით, გამოგონების არსი სწორედ ის არის, რომ შემდეგ ფართო მასებს ჰქონდეთ მისი გამოყენების საშუალება. შესაბამისად, გამოგონებების კომერციალიზაცია არაჩვეულებრივი იქნება.

„შესაძლოა, თაროზე შემოდებული იყოს ძალიან კარგი გამოგონება, მაგრამ მთავარია ის თუ როგორ უნდა აქციო რეალურ პროდუქტად. ამ ორს შორის არც ისე მოკლე გზაა გასავლელი. რა თქმა უნდა, საჭიროა სერიოზული რესურსები. აქედან გამომდინარე, კომერციალიზაციის გარეშე, შესაძლოა, განწირული იყოს პროექტი და ვერასდროს იხილოს მზის შუქი. ასე ხდებობდა და ასე ხდება, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი გამოგონება, ბაზარზე გასვლამდე მასში დიდი ფინანსური და მარკეტინგული რესურსი იდება,“– აღნიშნა თამარ რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ქართველ მეცნიერებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება. 

"ეს კარგი ხიდია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის. ის გამოგონებები, რაზეც მუშაობენ ჩვენი ქართველი მეცნიერები, ბევრი მართლაც ძალიან უნიკალურია. დავეხმარებით მათ დაინტერესებული ინვესტორი იპოვონ და ჩადგნენ ჩვენი და გლობალური ეკონომიკის სამსახურში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.