თამარ გაბუნია: წამალზე ფასის მატება საყურადღებოა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების მატება ახალი არ არის, მიმდიმარე პროცესია.
“ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია და ჩვენ მოგვიხდა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაშიც ფასების რევიზია და მომატება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილიყო. რაც შეეხება აპარატურაზე და პირადი დაცვის საშუალებებზე ფასების მატებას, ეს პრობლემაც მოიტანა ჩვენამდე ჯანდაცვის სექტორმა და მიდის მუშაობა იმაზე, სადაც არ ხდება ფაქტიური ხარჯით ანაზღაურება. კოვიდის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯებით, ამდენად პროგრამა ანაზღაურებს იმ ნამატით, რა ნამატიც ზოგადად ბაზარზე შეინიშნება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან საყურადღებო და გარკვეულწილად მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენთვის. ფასების მატება ახალი არ არის, მუდმივი პროცესია და პროგრამებში ამ ფასების მატების პასუხად გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხორციელდებოდა. ამაზე მიდის მუშაობა, მიმდინარე პროცესია და რა თქმა უნდა არ უნდა დავუშვათ ის, რომ ხელმისაწვდომობა გააუარესოს. წამალზე ფასის მატება საყურადღებოა, რაც ზოგადად საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ, ახლა ჩვენ დონეზე ამის მოგვარება ვერაფრით ვერ მოხდება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.