თამარ გაბუნია: კიდევ ერთხელ მოგვიწევს ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ მსჯელობა
“კიდევ ერთხელ მოგვიწევს საზოგადოებასთან ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის და მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან სამედიცინო პერსონალზე ისაუბრა, რომელსაც ახალციხეში კოვიდვაქცინაციის შემდეგ მძიმე გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა.
თამარ გაბუნიას თქმით, პაციენტს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.
„3 დღეა ვაქცინაცია დავიწყეთ და მოგეხსენებათ ნდობა ამ პროცესის მიმართ არც ისე მაღალია. თუმცა, ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებაში ყოველთვის უფრო ნაკლებია. სამწუხაროდ ერთეული შემთხვევები ხდება მსოფლიოში. 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს აცრა ჩატარებული და ასეთი მძიმე რეაქცია ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს არის ძალიან საყურადღებო შემთხვევა, კიდევე ერთხელ მოგვიწევს საზოგადოებასთან ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის და მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.“– აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს სამინისტროში 19:00 საათზე შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების თაობაზე.