საზოგადოება
02/03/2021

თამარ გაბუნია: Covax-იდან მიღებულ წერილს გავასაჯაროებთ

2021 წლის მესამე კვარტლიდან, საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდება ინტენსიური გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ,,ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა.

"უხერხულია, როცა ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის შევსება ვერ მოახერხა და ამიტომ გადავადდა ვაქცინის მოწოდება. ჩვენ გვაქვს წერილი Covax-დან, სადაც განმარტებულია ოფიციალური მიზეზი და ამას გავასაჯაროვებთ. შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი გახდება გადავადების მიზეზი.

ზოგადად, ისიც უნდა ითქვას რომ Covax-ის პლატფორმის ფარგლებში საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესებია, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე კვარტლიდან საქართველოსთვის, ვაქცინის ინტენსიური მოწოდება დაიწყება. პროცესი მეორე კვარტლიდან დაიწყება, თუმცა შედარებით ნელი ტემპებით. მესამე და მეოთხე კვარტალი კი ვაქცინის მოწოდების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იქნება," - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო Covax-ის პლატფორმისგან განმარტებებს ელოდება. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანება ქართული მხარის შეფერხებით არის გამოწვეული. კერძოდ, "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა Covax-ის წარმომადგენლების პასუხი კითხვაზე, რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზების შემოტანა. "ინტერპრესნიუსის" მიხედვით, კითხვაზე პასუხად Covax-ში ამბობენ, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებიც მოთხოვნილ კრიტერიუმებს სრულად შეესაბამებოდნენ.

Businesspartner