საზოგადოება
18/03/2021

თამარ გაბუნია: ასეთი მძიმე რეაქცია ჯერ არ დაფიქსირებულა, ძალიან საყურადღებო შემთხვევაა

ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. ამრიგად, დაუყონებლივ დაიწყო შემთხვევის გამოძიება, როგორც ეს ხდება მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად. რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და ვაქცინაციას შორის.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო პაციენტის თბილისში გადმოყვანის პროცესი, სადაც გაგრძელება მისი მკურნალობა. როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე და თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია, როგორც ამ შემთვევაში, სანამ არ მოხდება შესწავლა, მსჯელობა გაგრძელდება იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი.

3 დღეა ვაქცინაცია დავიწყეთ და მოგეხსენებათ ნდობა ამ პროცესის მიმართ არც ისე მაღალია. თუმცა, ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებაში ყოველთვის უფრო ნაკლებია. სამწუხაროდ ერთეული შემთხვევები ხდება მსოფლიოში. 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს აცრა ჩატარებული და ასეთი მძიმე რეაქცია ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს არის ძალიან საყურადღებო შემთხვევა, კიდევე ერთხელ მოგვიწევს საზოგადოებასთან ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის და მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.“– აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს სამინისტროში 19:00 საათზე შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების თაობაზე.

ინფორმაციისთვის, AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისში 13 მარტს ჩამოვიდა და რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა დღეისათვის 3500–მდეა.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ინფორმაცისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ავსტრიამ, შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება.

ამასთან, Pfizer-ის ვაქცინის 29 000 დოზა საქართველოში შემოტანა 22 მარტის კვირაში იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.