საზოგადოება
02/04/2021

თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე ფართო “ლოქდაუნი“ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო ე.წ. ლოქდაუნი არ იგეგმება. 

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, კონკრეტულ რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება. მთავარი მიზანია, ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია ადგილზე მოხდეს. ამის მექანიზმია ინტენსიური ტესტირება, რეკომენდაციების დაცვა, სოციალური ღონისძიებების მაქსიმალური შეზღუდვა. 

“ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო “ლოქდაუნი“. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება. რადგან, ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს, ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. ამდენად, მნიშვნელოვანია მცირე, ადგილობრივი, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.