საზოგადოება
04/11/2021

სოსო ფხაკაძე: პანდემიის გავრცელების მაღალი და ვაქცინაციის დაბალი ტემპი ქვეყნისთვის საფრთხეებს ქმნის

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი შეგნება, პასუხისმგებლობა და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. ამ გზით ჩვენ ვიცავთ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების ყველაზე ძვირფას განზომილებას - სიცოცხლეს. ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის უფლება ამ ქვეყანას არ გააჩნია.

დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპების არსებობის პირობებში უაღრესად მძიმე შედეგებამდე მისვლა გარდაუვალია. ერთის მხრივ, ამ ტიპის პროგნოზების მოსმენა და, მეორეს მხრივ, უმოქმედობა ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული შენი თანამოქალაქეებისა და შენი ქვეყნის წინაშე.

ბიზნეს სექტორი ყოველთვის გვერდში უდგას ქვეყანას ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის, ინვესტიციების განხორციელების, ადამიანთა დასაქმების, ქვეყნის ბიუჯეტის შევსებისა თუ სხვა მრავალი კუთხით. და ეს ყველაფერი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობა.

თუმცაღა, დღეს, საჭიროა, გამოვუცხადოთ ბევრად უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს, ვინაიდან საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ვალდებულებასა და უკიდურეს საჭიროებას.

დღეს ბიზნეს სექტორი უნდა იქცეს მაგალითად მთელი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს ერთობა, რას ნიშნავს საერთო მიზნისა და ამოცანისთვის ბრძოლა. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, წამახალისებელი მექანიზმები თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩქარებული ვაქცინაციისათვის.

ასევე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან, აუცილებელია სავალდებულო ზომების შემოღება, ვინაიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ არის საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად.

მოქალაქეებს კი ვთხოვთ, სრულიად გაითავისონ და გაიაზრონ მათი წილი პასუხისმგებლობა პანდემიის წინაამღდეგ ბრძოლაში, აიცრან და აცრან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები; ატარონ პირბადე და დაიცვან ყველა დადგენილი სანიტარული ნორმა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.