საზოგადოება
10/08/2021

"სოკარის" მხარდაჭერით პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საზაფხული ფაზა ჩატარდა

9 სპორტული ჩემპიონატი 6 დღის განმავლობაში - „სოკარის“ მხარდაჭერით, თერჯოლაში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა ჩატარდა. ჩემპიონატებში  სამშვიდობო მისიების მონაწილეები, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ომის ვეტერანები ასპარეზობდნენ.

მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს. შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ისე - ინდივიდუალურ დისციპლინებში. პროექტის მხარდამჭერების, მათ შორის „სოკარის“ მიერ დაწესებული სოლიდური ფულადი ჯილდოები და ძვირადღირებული პრიზები  31 გამარჯვებულზე გადანაწილდა.

სპორტული შეკრებები ახალგაზრდულმა მედია კავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

კომპანია „სოკარი“ პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე მესამე წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.