საზოგადოება
28/10/2021

შუახევი ჰესმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა.

საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განისაზღვრა 150 000 ლარი, სადაც კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ და შუახევის მუნიციპალიტეტმა თანაბრად მიიღეს ფინანსური მონაწილეობა.

"სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში დავაფინანსეთ. განათლების მხარდაჭერა, ისევე როგორც ადგილობრივი თემების გაძლიერება,  რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებში წვლილის შეტანა,  მომდევნო წლებშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება.“ - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო დიასამიძემ.

"ძალიან კარგი ტენდენცია დაიწყო კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის. ჩვენ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, გავაკეთეთ საბავშვო ბაღის პროექტი და თანადაფინანსებისთვის მივმართეთ კომპანია "აჭარისწყალ ჯორჯიას“, კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და თანაბარი ფინანსური მონაწილეობით განვახორციელეთ ჩანჩხალოს ბაღის მშენებლობა. სკოლანდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლაში მიდის ბავშვი საბავშვო ბაღიდან, უფრო კომუნიკაბელურია, თამამია  და ამავდროულად მისი თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე კერძო სექტორთან,“ - განაცხადა შუახევის მერის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ.

სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მენეჯერი როზა მახარაძე

"ჩაჩხალოს საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით რაც ბაღის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. ყველა შესაძლებლობა აქვთ პატარებს, რომ ხატონ, ითამაშონ, გაერთონ, ამავდროულად გვაქვს მათ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული ლიტერატურა. ჩვენს ბაღში 12 ადამიანი მუშაობს და მათ შორის არის ფსიქოლოგი. ვფიქრობთ, ყველა პირობას ვქმნით, რომ პატარები მოვამზადოთ სკოლისთვის.’’- ამბობს სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მენეჯერი როზა მახარაძე.

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია“, შუახევის მერიასთან თანამშრომლობით, მომავალ წელს საბავშო ბაღის გარე სივრცის მოწყობას  დააფინანსებს.