საზოგადოება
25/11/2021

შემოსავლების სამსახური: აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საწვავის ავზებში არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი აღმოაჩინეს.

აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ბოლო 1 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.