შეჯიბრი კოვიდრეგულაციების დაცვით - ბაკურიანი სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს
სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან.
ბაკურიანი მასპინძლობს 9 ქვეყნის 51 სპორტსმენს 26-28 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრს.
შეჯიბრი COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამთო სპორტის სახეობის ტურნირის ჩატარება ბაკურიანში, კოვიდ-პროტოკოლის დაცვით, ქართულ კურორტს ჩააყენებს იმ სამთო - სათხილამურო კურორტებს შორის, სადაც მსგავსი მაღალი დონის სპორტული შეჯიბრები შეიძლება გაიმართოს.
შეჯიბრებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება სქი-ქროსის სახეობის მიმართულების დირექტორი ავსტრიელი კლაუს ვალდნერი.
ბაკურიანში შეჯიბრების დაწყებამდე საკურორტო და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
მსოფლიოში კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მონაწილეების დაშვება საქართველოში ხდება სპეციალურად მსოფლიო თასების ეტაპებისათვის შემუშავებული წესებით. კერძოდ, მონაწილეებმა საქართველოში მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი ხანდაზმულობის PCR ტესტის უარყოფით რეზულტატი; საქართველოში ჩამოსვლისას გაიკეთონ სავალდებულო PCR ტესტი, ასევე პირველი PCR ტესტირების შემდგომ, გამგზავრებამდე ყოველ 72 საათში ერთხელ გაიარონ PCR ტესტირება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანი დახურულია დამსვენებლებისთვის, მსოფლიო თასის ეტაპი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ბაკურიანის მსგავსად, ანალოგიურად, მაყურებლის გარეშე, გაიმართა მსგავსი მაღალი რანგის სამთო სპორტული შეჯიბრებები ევროპის წამყვან სამთო კურორტებზეც, რომლებიც 2021 წლის ზამთრის სეზონზე ვიზიტორებისთვის დახურულია.
შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“.