შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია,საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისს, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი წარუდგინოს.
დადგენილებას, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.