საზოგადოება
23/05/2023

შალვა ოგბაიძე: თბილისის მოსახლეობა კერძო ავტომობილიდან თანდათან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადადის

"ბასლაინების დამატება აუცილებელია, რადგან დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძი  გაიხსნას და იქ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაონ. ამის შემდეგ დედაქალაქში გადაადგილების კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება,"- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისს 850-მდე ავტობუსი ჰყავს და ყველა მათგანი ახალია. ოგბაიძის განცხადებით, თბილისს ევროპავშირის ქვეყნებს შორის როგორც ავტობუსების, ისე მიკროავტობისების ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა პარკი აქვს.

„საუბარია არა იმაზე, რომ ავტობუსი არ გვყოფნის, არამედ იმაზე, რომ სადღაც, რომელიღაც კვანძში ავტობუსი „გაიჭედა“, რადგან ბასლაინები  ჯერ არაა ერთ სისტემაში გაერთიანებული. ავტობუსის გაჭედვა კი ნიშნავს ბრუნის ჩაგდებას. ეს ავტობუსი მგზავრებით გადაიჭედება, ამ დროს კი ერთდროულად შესაძლოა, რამდენიმე ავტობუსი ცარიელი მოვიდეს. რა არის ამის მიზეზი? დედაქალაქში გვაქვს 12 პრობლემური გამოკვეთილი კვანძი, და ახლა სწორედ ამ კვანძების გახსნა და სისტემაში ჩართვა მიმდინარეობს.

ეს პროცესი არაა დასრულებული, ხოლო როცა დასრულდება, ქალაქში გადაადგილებისას უდიდეს შეღავათს ვიგრძნობთ. უკვე შენდება 18-მეტრიანი ავტობუსების ავტობაზა. ამ ავტობუსებს დედაქალაქი ეტაპობრივად მიიღებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დეფერნებში ივლიან. ამ დერეფნების მკვებავის როლს კი 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები შეასრულებს, რომლებიც მგზავრებს პატარა ქუჩებიდან და დასახლებებიდან გამოიყვანენ და ამ მაგისტრალურ დერეფნებამდე მიიყვანენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტაქსი არაა, რომ თქვენს სახლთან დაჯდეთ და სამსახურის კართან ჩამოხვიდეთ. მთავარია, რა დროში მიხვალთ დანიშნულების ადგილას. გამოთავისუფლებული მცირე ზომის ავტობუსები დაემატება იმ მონაკვეთებს, სადაც მოცდის დრო დიდია. თუმცა ეს დრო რომ  უკვე შემცირებულია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. აღარაფერს ვამბობ მეტროსადგურების გამტარუნარიანობის გაზრდაზე. თქვენ იცით, რომ ახმეტელის მეტროში ტურნიკეტები დავამატეთ, რამაც საათში თითქმის 60%-ით გაზარდა მგზავრების გამტარუნარიანობა. ეს დროებითი ღონისძიებაა და ამ წლის ბოლოსა და მომდევნო წლის დასაწყისიდან დაგეგმილია თითქმის ყველა მეტროპოლიტენის სადგურის რეაბილიტაცია თანამედროვე სნანდარტებით,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, არცთუ შორეულ წარსულში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვა 65% იყო. ანუ საუბარია იმ არეალებზე, საიდანაც ადამიანს 700-800 მეტრის ფეხით გავლით შეუძლია საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე მისვლა. ეს მონაცემი, შალვა ოგბაიძის თქმით, უკვე ასულია 85%-მდე და უახლოეს წელიწადში, ავტობუსების დამატებით და ყველა თანმდევი პროცესის დასრულებით, 90%-ს ასცდება, რაც არის ერთერთი საუკეთესო ევროპილი მაჩვენებელი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მისაწვდომობის ხარისხს ასახავს.

„ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ ესაა აუცილებელი და ეს უნდა გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში.

მისი თქმით, დედაქალაქში ავტობუსებითა და მეტროთი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა მზარდია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მისივე განცხადებით, ხალხი თანდათანობით გადადის კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც, რაც დადებითი ტენდენციაა.

 

Businesspartner