საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 4 წუთამდე შემცირდება
კახა კალაძე თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირებას გვპირდება.
როგორც კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმები აზრს კარგავს.
„პრობლემა მხოლოდ ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლებით არ მოგვარდება. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტისთვის ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერიამ შეიმუშავა და ეტაპობრივად ინერგება ახალი, სამდონიანი სატრანსპორტო ქსელი.
"ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.