საზოგადოება
14/03/2022

საწვავი ისევ გაძვირდა - სუპერის მარკის ბენზინის ფასი 3.79 ლარია

საწვავი ისევ გაძვირდა. მსხვილ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასების კორექცია 12 მარტსაც განხორციელდა და დღეისათვის სუპერის მარკის ბენზინის ფასი უკვე 3.79 ლარია.

მარტის პირველ ნახევარში საწვავის ფასების ზრდა რამდენჯერმე მოხდა. „ვისოლის“ ქსელში თუ 1 მარტს ევრო რეგულარი 3.22 ლარი ღირდა, 14 მარტს მისი ფასი 3.64 ლარია. ყველაზე მოთხოვნად საწვავზე ფასი 13%-ით ანუ 42 თეთრით გაიზარდა.  ეკო სუპერის ღირებულება  3.39 ლარიდან 3.79 ლარამდეა მომატებული, ზრდა 40 თეთრია.

40 თეთრით მოიმატა ფასმა GULF-შიც G- Force სუპერზე და ახლა 3.79 ლარი ღირს. ევრო რეგულარი 3.23 ლარიდან 3.61 ლარამდე  გაძვირდა.

„სოკარის“ ქსელშიც ფასები დაახლოებით ასეთივეა  - ევრო რეგულარი 3.60 ლარი, სუპერი 3.78 ლარი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. Brent -ის მარკის ნავთობის ფასმა 1 ბარელზე 130 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ შემცირდა და 14 მარტის მონაცემებით 109.8 დოლარი შეადგინა.