საზოგადოება
02/08/2021

სატრანსპორტო საშუალების სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება, - პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ" კანონპროექტს 82 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა წარადგინა.

მისი თქმით, 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა მოხდა, შედეგად დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

იოსელიანის თქმით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით დადგინდეს  პროპორციული პასუხისმგებლობის ზომები. სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

კანონპროექტის მიხედვით იზრდება სხვადასხვა ანალოგიური სამართალდარღვევისათვის დაწესებული სანქციები.