საზოგადოება
13/12/2021

სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება.

გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

"ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელი საკვანძო წელი აღმოჩნდება როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ტექნიკური ინფრასტრუქტურით შეიარაღების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. იმიტომ, რომ სახელმწიფო რეალურად დიდ ინვესტიციებს დებს, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე სესხების აღების კუთხით, როგორც ავტოტრანსპორტის პარკის ჩანაცვლების თვალსაზრისით, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში, საკითხი, რომელსაც იმედია უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ, ძალიან დიდი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის",- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, მნიშვნელოვანია ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედება, რომლებიც ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, როგორც ნარჩენების მართვას შეეხება.