საპოლიციო გამოსახლების გაუქმების ინიციატორი კანონის დაკორექტირების საჭიროებაზე საუბრობს
„საპოლიციო გამოსახლების“ გაუქმების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე კომენტარს აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი ავტორი ანი მიროტაძე აკეთებს, რომელიც მერვე მოწვევის (2012-2016 წ.წ.) პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში მიროტაძემ აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც საუბარი დაიწყო საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე, მთავარი მიზანი იყო მოქალაქეების დაცვა კერძო იპოთეკარების საქმიანობისგან.
მიროტაძე ამბობს, რომ ცვლილების არსი სწორედ იპოთეკაში კაბალური პირობებით ჩადებული ქონების მფლობელების უფლებების დაცვა იყო და არა - ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული საკითხები.
„საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ მომხდარიყო ადამიანების გამოსახლება წივილ-კივილით და საოჯახო ნივთების სართულებიდან გადმოყრით. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებს სხვა საცხოვრისი არ ჰქონდათ. ჩვენ ასეთი სიტუაცია დაგვხვდა და ამიტომაც შევიტანეთ ცვლილებები სასამართლოს ნაწილში. ცვლილებებს ორი დანიშნულება ჰქონდა: პირველი, რომ სამართლებრივად ძალიან გამყარებული ყოფილიყო და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლა და მეორე - მომხდარიყო ადამიანის უფლებების დაცვა - იგულისხმება მობინადრეები, რომლებიც საპოლიციო გამოსახლებას ექვემდებარებოდნენ. ეს, ძირითადად, იყო იპოთეკარების პრობლემა. გამოსახლების სტატისტიკა აჩვენებდა, რომ გამოსახლების უმეტესობა იყო კერძო იპოთეკარების თემა, რომლებიც კაბალური პირობებით გასცემდნენ სესხს. ეს იყო პირველყოფილი თემური წყობილება. როდესაც მსესხებლებს ვეკითხებოდით, თუ რატომ წავიდნენ ამაზე, გვპასუხობდნენ, რომ ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი და ფინანსების მოძების სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, რომ ამ ცვლილების პირველი ინიციატივა ჩავარდა, რადგან მაშინდელ პარლამენტშიც კი ბევრი ლობისტი აღმოაჩნდათ კერძო იპოთეკარებს, რომელთაგან ზოგს 50-ზე მეტი ბინა ჰქონდა გადაფორმებული,“- აღნიშნა ანი მიროტაძემ.
რაც შეეხება ბინების გაქირავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეიქმნა, ანი მიროტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცვლილების ინიცირების პერიოდში საუბარი იყო ბინების მეპატრონეების დაცვაზე, რომელთაც ქონება იპოთეკაში ჰქონდათ ჩადებული.
ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილება ბინის გაქირავების საკითხს არ უკავშირდებოდა. თუმცა ანი მიროტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ თუ ცვლილებამ პრობლემა ამ კუთხითაც შექმნა, რომელიც, შესაძლოა, კანონმდებლებს მაშინ გამორჩათ, რასაკვირველია, დაკორექტირებაა საჭირო.
„ცვლილება გამქირავებელსა და დამქირავებელს არ ეხებოდა. როცა ერთადერთი საცხოვრებელი კერძო იპოთეკართან მაქვს ჩადებული, დამეთანხმეთ, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება სასამართლო დონეზე უნდა იყოს მიღებული,“- აღნიშნა ანი მიროტაძემ.
კითხვაზე, როგორ მუშაობს კანონი და გამართლდა თუ არა მოლოდინი, რომ სასამართლო განხილვები შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართებოდა, ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ხარვეზი არა კანონში, არამედ აღმასრულებელში, ანუ სასამართლოშია. „მოსამართლეების რაოდენობა მცირე იყო და საქმეეები თაროებზე შემოიდო. ჩვენ სწორედ ამის გამო გვინდოდა სასამართლოს რეფორის ძალიან სწრაფად განხორციელება. აქ კანონის კი არა, მისი აღსრულების, ანუ სასამართლოს პრობლემაა და მოსამართლეების ნაკლებობის. რა უშლის ხელს ამ მდგომარეობის გამოსწორებას? ის უშლის, რომ კლანია და კლანს უნდა მაქსიმალურად გავლენა ჰქონდეს სასამართლოზე და ფეხს არ აყოფინებენ სასამართლოში იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლები იქნებიან,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
ამჟამინდელი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, რომელიც პარლამენტში უძრავი ქონების ბიზნესიდან მივიდა, ამბობს, რომ ეს წესი ბიზნესს აზარალებს, რადგან ადამიანმა რომ მოინდომოს მის საკუთრებაში შეჭრილი პირის გამოსახლება ან გაქირავებული ფართის დაბრუნება, ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. წაქაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას დაქირავებული აქვს ოფისი და ქირას არ იხდის, არღვევს ხელშეკრულებას, თუმცა არ ტოვებს ფართს და ფართის მესაკუთრესაც არ შეუძლია მისი გამოყვანა. „ბევრი მიწა, ქონება გაჩერებულია, რადგან შეჭრილები არიან. ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, ერთი დღე თუ დაგრჩება კარი ღია, შევარდება და მერე უნდა ეხვეწო, რომ გამოვიდეს. ეს ძალიან არტყამს ბიზნესს,“ - განაცხადა ბეჟან წაქაძემ პარლამენტში გამართულ ერთერთ შეხვედრაზე. თუმცა კანონის დაკორექტირების შესახებ ამ ეტაპზე პარლამენტში საუბარი არ მიმდინარეობს.
საპოლიციო გამოსახლება 2015 წლის 29 დეკემბერს გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ქონებიდან პირის გამოსახლება შეუძლებელი გახდა.
კანონის შეცვლის შემდეგ ცნობილი გახდა ფაქტების შესახებ, როდესაც ბინის კანონიერი მესაკუთრე ვერ ახერხებს საკუთარ ფართში შესვლას, რადგან იქ დამქირავებელი იმყოფება. თანხის გადაუხდელობის და ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად, დამქირავებლები ზოგ შემთხვევაში უარს ამბობენ ბინიდან გასვლაზე და მესაკუთრეს სასამართლოს ძალით უწევს საკუთარი საცხოვრებლის ფაქტობრივი დაბრუნება. სასამართლო კი ვადებში ჭიანურდება და ამ დროს დამქირავებელი იგებს.
საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რუსეთი და ბელარუსი არაერთმა მოქალაქემ დატოვა. მათმა ნაწილმა კი დროებით საცხოვრებლად საქართველო აირჩია და ბინაც იქირავა. ქართველი მესაკუთრეების ნაწილს უცხოელებისთვის ბინის დროებით საკუთრებაში გადაცემა პრობლემად ექცა, რის შესახებაც ისინი სოციალურ მედიაში წერენ. უცხოეთის მოქალაქეები შედიან საცხოვრებლებში, შემდეგ კი საფასურს აღარ იხდიან, თუმცა არც ბინას ტოვებენ. თუმცა მსგავსი ფაქტები საქართველოს მოქალაქეების მხრიდანად ფიქსირდება.