საზოგადოება
07/02/2022

"საპენსიო საკითხებზე ვაშაძის ინიციატივებში კონკრეტიკა და ანალიზი არაა, რაც სრული უპასუხისმგებლობაა"

ეკონომისტი, ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი  პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გამოსვლებს პოპულიზმს უწოდებს. ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი ვაშაძის ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ზედაპირულია.

"პოლიტიკოსების ნაწილი, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრება პოპულისტურ და არაკომპეტენტურ განცხადებებში. თუმცა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პოპულიზმის სამიზნედ ყველაზე მოწყვლადი ფენა, ჩვენი პენსიონერები ამოირჩიეს.
დღეს ვუსმენდი ბატონი გიორგი ვაშაძის მოსაზრებებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს გაოცებას იმ ზედაპირული და პოპულისტური დამოკიდებულებით, რომელიც საკითხისადმი გააჩნია.

ვეცდები რამდენიმე საკითხს მოვფინო ნათელი, იმიტომ, რომ არ მინდა ჩვენი პენსიონერები პოპულისტური და ტყუილი დაპირებებით ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს.

ბატონი ვაშაძის თეორია ისევ იმ მოსაზრებებს ემყარება, რომ თუ პენსიონერებს არჩევანის თავისუფლება ექნებათ და პენსია იმ ბანკში ჩაერიცხებათ, რომელშიც თავად სურთ ეს ე.წ. საპენსიო სესხის პროცენტს გააიაფებს იმდენად, რამდენადაც გაიზრდება კონკურენცია. თუმცა, ეს დღესაც ასეა, პენსიონერს დღესაც შეუძლია პენსია იმ კომერციულ ბანკში აიღონ, რომელშიც თავად აქვს სურვილი და ამისთვის მხოლოდ ერთი განცხადებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ბატონი გიორგი უბრალოდ ტყუის როდესაც ამ თეორიას აჟღერებს.

მეორე საკითხია რას განიხილავს ბატონი ვაშაძე ე.წ. საპენსიო სესხები სამართლიან პროცენტად. თუ მის დაპირებას დავუჯერებთ, მისივე სქემის გამოყენებით საპროცენტო განაკვეთი, ე.წ. საპენსიო სესხებზე 20%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. საუბარია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე, რომლის საბაზო საპროცენტო განაკვეთი, ნომინალურ 26%-ს აღემატება (თუმცა ბატონი ვაშაძის პათოსს თუ გავითვალისწინებთ, არ მგონია იცოდეს რა განსხვავებაა ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის). შესაბამისად, ეს 26%-იანი ნომინალური განაკვეთი ხშირად ბაზარზე 32-დან 49%-მდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთებით არის წარმოდგენილი.

კიდევ ერთი ინიციატივა რომელიც ბატონმა გიორგიმ წამოაყენა, უკავშირდება ბიუჯეტიდან პენსიის დარიგების სუბსიდირებას. როგორც ჩანს, სწორედ ამ მეთოდით ვარაუდობს ის საპენსიო სესხის „ზღაპრულ გაიაფებას“. თუმცა, აქაც ვერ ვისმენთ კონკრეტულ გათვლას, თუ რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს ეს სუბსიდირება, რამდენით შეამცირებს ამ ინსტრუმენტის გამოყენება საპროცენტო განაკვეთს და ა.შ. ორი სიტყვით არანაირი გათვლა და ანალიზი არ გვხვდება, რაც სრული უპასუხისმგებლობაა, ასეთი საკითხის ინიცირებისას.

თუმცა, ალბათ ბატონი გიორგის საკითხისადმი დამოკიდებულება, მის მიდგომებში ყველაზე კარგად ჩანს. როდესაც, მან მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტზე ორჯერ ჩააგდო, უბრალო გამოუცხადბლობით", - წერს სოციალურ ქსელში პაატა ბაირახტარი.