საზოგადოება
28/01/2021

"სამინისტროების გაყოფით გაიზრდება ხარჯები, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე არასწორია"

“თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მთავრობის გადაწვეტილებას განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა.

„სამინისტროების გაყოფით მიღებული შედეგი იქნება, რომ გაჩნდება ახალი მინისტრი, რომლის მხოლოდ სახელფასო ხარჯი წელიწადში დაახლოებით 80 000 ლარია. ასევე, მოადგილეები, თანაშემწეები, ავტოპარკი და ა.შ. შესაბამისად, საბიუჯეტო თვალსაზრისით ხარჯების ზრდა გარდაუვალი იქნება. იმ ფონზე, როდესაც პანდემიაა, ბიუჯეტის ნახევარი ისევ საგარეო ვალებით ფინანსდება, კიდევ დამატებითი ბიუროკრატიის ზრდა ნამდვილად არის მსჯელობის საგანი,“– აღნიშნავს ანა გოგოლაძე.

მისივე თქმით, თავის დროზე, სამინისტროების გაერთინება მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სამთავრობო პროგრამის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევის ნაწილია, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციის სახელით გააცნეს საზოგადოებას და მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება იყო.

„შედეგად მივიღეთ მხოლოდ ტექნიკური გაერთიანება, ყოველგვარი ფინანსური დაზოგვის გარეშე. მანამდე კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბევრად უფრო დიდი უწყება იყო და დაახლოებით 7000 შტატიანი თანამშრომელი ჰყავდა, ანაზღაურების ნაწილში ეს იყო 60 მილიონი. როდესაც ეს ორი უწყება გაერთიანდა, მოლოდინი იყო გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია და შემცირება, თუმცა არ შემცირებულა. შრომის ანაზღაურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქონლისა და მომსახურების ხარჯი, სადაც სამინისტროების შერწყმით ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯები შემცირების ნაცვლად აქაც გაიზარდა.

მესმის, ექსპერტების მოსაზრებების, რომ სამინისტროების გაერთიანებით, განათლების პოლიტიკა, ისევე როგორც კულტურისა და სპორტის, არაეფექტიანი გახდა. მგონია, ეს მმართველი გუნდის პოლიტიკის არამდგრადობის და არაპრიორიტეტულობის ბრალია,“ – ამბობს “თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გააკეთა.  

„უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის,“– თქვა გახარიამ.

 

Businesspartner