საზოგადოება
09/06/2021

სამგორსა და ვარკეთილში შეჩერებული მშენებლობების განახლებაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, კიდევ დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ამ მიზნით ამჯერად ინტერესთა გამოხატვა 2 მსხვილ პროექტზე ცხადდება.

„უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ, ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით - სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე.

ამ ეტაპზე, ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ნებართვები სხვადასხვა ეტაპზეა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ნებართვები და მშენებლობაც დაწყებულია. არის შემთხვევები, რომლებიც პროცესშია, კომპანიები მალე მიიღებენ ნებართვებს და მშენებლობაც დაიწყება. დღეს კი, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის  სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული  ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა, დეტალური ინფორმაცია კი განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე.

"ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ, მინიმუმ 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 2018 წლიდან დღემდე, ჯამში, 1 289 ოჯახისთვის შეიქმნა შესაძლებლობა იმისა, რომ საცხოვრებელი ბინები მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.