სალომე ვარდიაშვილი: თბილისში გაზის დანადგარების მიზეზით მომხდარი კატასტროფები დასრულდა
თბილისში კორპუსების შიდა ქსელებისა და გაზის მოწყობილობების გაუმართაობის გამო აფეთქებები აღარ გვაქვს და ის კატასტროფები, რომლებიც წინა წლებში ხდებოდა, პრაქტიკულად დასრულდა, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლამდე, ვიდრე „თბილისი ენერჯი“ დანადგარების კონტროლსა და ქსელის ჩაბარების წესებს გაამკაცრებდა, შენობებში არასწირად დამონტაჟებული გამათბობლების სახით ნაღმები იდო.
„2019 წელს ჯერ დიდ დიღმში მოხდა აფეთქება, შემდეგ მას მიჰყვა დიღმის მასივი, ძალიან მალე კი - აფეთქება გურამიშვილზე. შიდა ქსელების უპატრონობის გამო მდგომარეობა კატასტროფული იყო. ჩვენ და „თბილისი ენერჯიმ“ ბევრი ვიმუშავეთ. საშიში აგრეგატების ძირითადი ნაწილი გამოვცვალეთ, შიდა ქსელები მოწესრიგდა. სიამაყით აღვნიშნავ, რომ აღარ გვაქვს აფეთქებები და კატასტროფები. სამწუხაროდ, ისევ არსებობს ასეთი ტიპის შემთხვევები, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, როგორიც 4 წლის წინ იყო. 2019 წელს ამ კუთხით კატასტროფების წელი ვუწოდეთ, მაგრამ ამით დავასრულეთ - გავმართეთ ხელჩართული ბრძოლა შიდა ქსელების მოწესრიგებისთვის. ამაში აგვყვა „თბილისი ენერჯი“, რომელიც ამ საკითხებისადმი ძალიან ყურადღებითაა და არაერთი კატასტროფა აღმოფხვრა. კომპანია ახორციელებს დანადგარების შემოწმებას. გარდა ამისა, ის ქსელებს დეტექტორის გარეშე აღარ იბარებს. შედეგი გამოიღო საინფორმაციო კამპანიამაც,“ -განაცხადა ვარდიაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო მეტი სამუშაოა დიდ ქალაქებში, სადაც ფარტომასშტაბიანი კამპანიების გაშლა იგეგმება.
მისი განმარტებით, რეგიონებში პრობლემა ისეთი მასშტაბური არაა, როგორც დედაქალაქში, რადგან გაზის ქსელები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო გაყვანილი და სწორედ ამ ძველ ქსელებს უკავშირდება საფრთხეები. რეგიონების დიდ ნაწილში კი გაზის ქსელების გაყვანა ბოლო წლებში მოხდა და შესაბამისად, იქ გაზის ინფრასტრუქტურა ახალია.