საზოგადოება
13/07/2021

"საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი უნდა გაიზარდოს" - კანონპროექტი პარლამენტში

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, მიზანი საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის გაზრდაა.

დეტალებზე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი თანასაკუთრების უფლებას ეხება.

„თანასაკუთრება ეს არის საკუთრების სახეობა და ჩვენი მიზანია, წარმოდგენილი კანონპროექტით გაიზარდოს საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტში საზიარო უფლების გაუქმების დამატებითი საშუალებების გაჩენით, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი იძულებითი რეალიზაციისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული, გარდა ამისა, ნატურით გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, სასამართლოსთვის საკითხის უფრო სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა იზრდება.

ცვლილებებით სასამართლოს უფლებამოსილება ენიჭება კონკრეტულ შემთხვევებში გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლის ვადით; უძრავი ნივთის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გაყოფიდან წარმოშობილი ნივთის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ - მის ფუნქციას.

ნატურით გაყოფისას წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის თავიანთი წილების პროპორციულად განაწილდება.