საკოორდინაციო საბჭო დისტანციური სამუშაო რეჟიმის რეკომენდაციას გასცემს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღეობა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს.