საზოგადოება
24/08/2021

საკმარისი არასოდეს არაფერია - ამირან გამყრელიძე ახალ რეგულაციებზე

საკმარისი არასოდეს არაფერი არ არის, - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად საკმარისია საკოორდინაციო საბჭოს დაწესებული ახალი რეგულაციების არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ალბათ საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. "საკოორდინაციო საბჭომ დღეს კონსენსუსის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რაც რესტორნების სამუშაო გრაფიკის შეზღუდვას გულისხმობს. სხდომაზე იყო სერიოზული მსჯელობა სხვა საკითხებზეც, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ და მომდევნო დღეებში დამატებითი შეზღუდვები იყოს დაწესებული. მთავარი მაინც არის ის რომ ჩვენ ერთი მხრივ დავიცავათ ის რეგულაციები რაც არსებობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ 50%-მდე არის დასული, არადა ეს არის ყველაზე ძლიერი რეგულაცია.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისა და აცრის გაკეთებისკენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 2 სექტემბერს საქართველო-კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება.