"საქართველოში მომხმარებელი თითქმის იგივე უფლებით აღიჭურვა, როგორც ეს ევროკავშირშია"
კანონმდებლობით, საქართველოში მომხმარებელი თითქმის იგივე უფლებებით აღიჭურვა, როგორც ეს ევროკავშირშია. საუბარია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონზე, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
როგორც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული კანონის მიღება დაგვიანდა. თუმცა, მომხმარებლების დაცვის კუთხით ნაბიჯი მაინც გადაიდგა.
„ამ კანონპროექტის მიღებას ჩვენ 2013 წლიდან ველოდით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება იყო არა თუ დროული, არამედ ძალიან დაგვიანებულია. მაგრამ პოზიტიურად თუ შევხედავთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში მომხმარებლებების უფლებების დასაცავად. საქართველოში მომხმარებელი თითქმის იგივე უფლებებით აღიჭურვა, როგორც ეს ევროკავშირშია.
ცხადია, კანონი ჯერ ძალაში არ შესულა და იმედია ეს აღარ გადავადდება, თუმცა, როდესაც ამოქმედდება, უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა. უფრო მეტად ვიქნებით დაცულები. მაგალითად, მეწარმეებთან თუ რაიმე დავა გვექნება, ვიგრძნობთ, რამდენად იოლად შევძლებთ ჩვენი უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.
მომხმარებლების საჩივრებს კონკურენციის სააგენტო განიხილავს. ვახტანგ კობალაძის თქმით, კანონის აღსრულების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსი ექნება სააგენტოს.
„ამოქმედდება კანონი და გამოჩნდება, რამდენად ეფექტიანია. მთავარია, რა რესურსი ექნება კონკურენციის სააგენტოს, რომ ზედამხედველობა განახორციელოს და მომხმარებლის მიმართვებზე ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება. თვითონ კანონი ქმნის იმის წინაპირობას, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს“, - აცხადებს ვახტანგ კობალაძე.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, კონკურენციის სააგენტოს მხარი დაუჭიროს ახალი ფუნქციის განხორციელებაში. თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს შესაბამისი სახსრები, რომ სააგენტომ ამ ფუნქციების განხორციელება შეძლოს“, - აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.