საზოგადოება
15/03/2021

საქართველოში კოვიდვაქცინაცია იწყება

საქართველოში კოვიდვაქცინაცია დღეიდან დაიწყება. „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა, რომელიც თბილისში 13 მარტს ჩამოვიდა, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში უკვე გადანაწილებულია.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია. აცრა ნებაყოფლობითია.

გუშინ გაცხადდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.